ახალგაზრდები, ენერგიულები, გამბედავები - ეს სამი სიტყვა აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობებს ქართულს ასწავლიან. როგორც ცნობილია პროექტი „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ სექტემბრიდან ხორციელდება.
ამ პროექტის მონაწილეთა ენერგიულობას კი ისიც მოწმობს, რომ გარდა თავიანთი საქმისა, ახალგაზრდა მასწავლებლები მათ შთაბეჭდილებებზე სხვა ადამიანებს ბლოგების მეშვეობით უყვებიან.
„გამარჯობა, მე თინი ვარ და მე მასწავლებელი ვარ! არა, ცოტა მოგატყუეთ, გულით მინდა, რომ ვიყო მასწავლებელი, ძალიან კარგი მასწავლებელი, აი, დუმბაძისეული მასწავლებელი..მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყის საფეხურებზე მივაბიჯებ მძიმედ და თუ ღმერთი ინებებს იქნებ გავიდე კიდეც ბოლოში?!“ - წერს საკუთარ ბლოგზე სოფელ ქვემო ოროზმანის სკოლის ქართულის მასწავლებელი თინათინ ღვინიაშვილი.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას და ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულის სწავლას, საკუთარ ბლოგზე - „ახდენილ ოცნებას“ არქმევს ნატო გოცირიძე და გვიყვება თუ როგორ დაიწყო მისთვის სხვა ცხოვრება ბოლნისში, სოფელ ჯავშანიანში, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ის ქართულ წერა-კითხვას ასწავლის.
„...ამის შემდეგ, ჩემს მოსწავლეს ფარი აბდულაევას ძალიან მოუნდა თბილისის დათვალიერება,მას ეს ოცნება ავუხდინე და ჩემს ოჯახში ვუმასპინძლე. დავათვალიერებინე თბილისის ღირშესანიშნაობები, ვიყავით როგორც მუსლიმურ, ასევე ქრისტიანულ სალოცავებში. ფარიმ საკუთარი თვალით ნახა, თბილისი...“ - წერს ნატო გოცირიძე.
პ.ს. edublog.ge მოხალისე მასწავლებლების პოსტების მოკლე ანალიზს მომავალშიც შემოგთავაზებთ.