ქალბატონი მზია 30 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მზია კვინტრაძემ მუშაობა ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად დაიწყო, შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჩოხატაურში გადავიდა და 25 წელი ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში მსახურობდა. პარალელურად, ქალბატონი მზია გურიის რეგიონის სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას კურირებდა.
მზია კვინტრაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის 171-ე საჯარო სკოლაში აგრძელებს, 2011 წელს მან წარმატებით გაიარა სასერტიფიკატო გამოცდები, ამჯერად, საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილის ჩასაბარებლად ემზადება და მასწავლებლის სახლში ქიმიის პედაგოგთა ტრენინგებს ესწრება. სიახლეების მიმდევარი პედაგოგი გაზაფხულზე კომპიუტერისა და ინგლისურის ჩაბარებასაც გეგმავს.
ქალბატონ მზიას სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს დამსახურებული მასწავლებლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის, მასწავლებელ-მეთოდისტის წოდებები, უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია, მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი. მზია კვინტრაძემ ოთხი შვილი აღზარდა, რომელთაგან ორი იურისტი, ორი კი - ექიმია.