სოფელ იორმუღანლოში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. რამდენიმე წელია ამ სკოლის 1200-მდე მოსწავლე ერთ სასწავლო კორპუსში ორ ცვლაში არაკომფორტულ გარემოში სწავლობს. სექტემბრიდან ეს მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებენ სწავლას.
ახალი სკოლა აშენდება საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოშიც. ხუთი წელია ლამბალოს 1000-მდე მოსწავლე ოჯახებში საგანგებოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. ახალი სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის დიდი ხნის ოცნება ახდება - მომავალი სასწავლო წლიდან ლამბალოელი მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან.
იორმუღანლოში ქართული ენის სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით. აქ საგარეჯოს რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. ენის სახლში სახელმწიფო ენის დაუფლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება. მათთვის საგანგებოდ მომზადდა პროგრამები, შეირჩნენ და გადამზადდნენ პედაგოგები. მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა პედაგოგი, რომელიც არაქართულენოვან სკოლაში საგანს ბილინგვურად ანუ, მშობლიურ ენასთან ერთად ქართულადაც ასწავლის, ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს მიიღებს.
ქართული ენის სახლები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში იხსნება. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში უკვე ექვსი ქართული ენის სახლი ფუნქციონირებს. უახლოეს მომავალში კახეთსა და ქვემო ქართლში კიდევ თითო ენის სახლი გაიხსნება, ხოლო სამცხე-ჯავახეთში სამი ახალი ენის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.