საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზეთის განათლების მინისტრს კანატ სადიკოვს შეხვდა და საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.
ყირგიზეთის განათლების მინისტრი ამავე დღეს თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია. ასევე, გაეცნო პროფესიულ კოლეჯს ”იკაროსი”, მოინახულა ფრანგული სკოლა და ბოლოს მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.
პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში კანატ სადიკოვმა პირადად ნახა როგორ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის თანახმად ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსაგან საჩუქრად ნეტბუქი გადაეცემა, ასევე, საქართველოში მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან გაძლიერებულად შეისწავლიან, მათთან ქართულენოვან პედაგოგთან ერთად, უცხოელი მოხალისე პედაგოგიც მუშაობს. პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)” ფარგლებში, ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე მეორე წელია საქართველოში მოღვაწეობენ, პროექტი და მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება.
კანატ სადიკოვმა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში მრავალფუნქციური ,,მომავლის კლასიც” დაათვალიერა, სადაც ქიმიის გაკვეთილი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
ყირგიზეთის განათლების მინისტრმა ქვეყანაში მოქმედ თანამედროვე პროფესიულ კოლეჯებზეც მიიღო ინფორმაცია და ერთ-ერთი მათგანი ”იკაროსი” მოინახულა. ”იკაროსში” მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობენ და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება.
პედაგოგთა კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება მასწავლებლის სახლი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დღეში 300-მდე პედაგოგს მასპინძლობს.
კანატ სადიკოვმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ მათი გაზიარება და ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ყირგიზეთისთვის.