ჯორჯეტო ჯუჯარო თავის შვილთან, ასევე ცნობილ იტალიელ სამრეწველო დიზაინერთან ფაბრიციო ჯუჯაროსთან და დოქტორ ჯანკარლო პერინისთან ერთად, საქართველოში იმყოფება. დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიელმა დიზაინერებმა საერთაშორისო დიზაინის სკოლის კონცეფცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, ცნობილ ქართველ არქიტექტორებს, იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის, ასევე, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ელჩებს, საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს წარუდგინეს.
ფაბრიციო ჯუჯარო ბათუმში პროექტს “მწვანე ბათუმი - 2020” ახორციელებს. ამავე დღეს, მოხდა ამ პროექტის პრეზენტაცია და ფაბრიციო ჯუჯაროსათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდების მინიჭება.
მამა-შვილი ჯუჯაროები მსოფლიოში ცნობილ უდიდეს კორპორაციებთან თანამშრომლობენ ჯორჯეტო ჯუჯაროს შექმნილია ორმოცდაათზე მეტი ავტომობილის მოდელის დიზაინი, მათ შორის ისეთი მანქანების, როგორიცაა "ფერარი" და "ლამბორჯინი". დიზაინერი სხვა სფეროებშიც მონაწილეობს. მას ეკუთნის "Nikon"-ის ფოპტოაპარატების, "Apple"-ის კომპიუტერების პროტოტიპები და და კალმის ”Marille”-ის დიზაინიც. ფაბრიციო ჯუჯაროს ბოლოდროინდელი არქიტექტურული ნამუშევრებიდან კი, აღსანიშნავია იუვენტუსის ახალი სტადიონი, ტურინის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და კოპენჰაგენის მეტრო.
ცნობილ იტალიელ დიზაინერებთან ერთად საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ. აღნიშნული ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა და მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარება.