2011 წლიდან შეიცვალა სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა. 2012 წელსაც მიღება წინასწარ გამოცხადებულ ვადებში მოხდება, ცვლილება შედის პირველკლასელთა დარეგისტრირების წესში, წელს პირველად, დარეგისტრირება ელექტრონულად, მხოლოდ სპეციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი. სკოლებს ევალებათ იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიაროს და მოხდეს მოსწავლეთა დროული დარეგისტრირება. ყველა დარეგისტრიტრებული ბავშვი 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საატესტატო გამოცდებს. გასულ წელს, პირველად საქართველოში, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. იგივე მეთოდით საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც რვა საგანში გაიმართება. წელს არ იგეგმება რაიმე ცვლილება, იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარიც. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სკოლის დირექტორებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარება.
მინისტრმა დირექტორებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხიც განიხილა. სამინისტრო საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში გეგმაზომიერად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო სამუშაოებს. ეს პროცესი შეუქცევადია და მომავალშიც გაგრძელდება.