არსებული რეგულაციები უპრეცენდენტო საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უმაღლესი პროფესიული განათლება არ მიუღიათ, მაგრამ პრაქტიკული საქმიანობით დიდი გამოცდილება აქვთ შეძენილი, მაგალითად, მზარეული, კონდიტერი, გიდი, დურგალი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი, ღონისძიებათა მომწყობი, მეღვინე, კომპიურეტული გრაფიკოსი, IT, ზეინკალი, მემინანქრე, იუველირი, თექის ხელოსანი. მათ შეუძლიათ მიმართონ მათთვის სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მათი არაფორმალური განათლების აღიარება მოხდება. ეს ადამიანები პროფესიული დიპლომის მქონე პროფესიონალები გახდებიან და თავიანთი განათლებით შეძლებენ ზუსტად უპასუხონ დღევანდელი შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნებს, დასაქმდნენ და მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგი - „არაფორმალური განათლების აღიარება“ - ამ მოთხოვნების გამოძახილია. ტრენინგზე ცენტრის წარმომადგენლებმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების რეკომენდაციების პროექტი, მასში შესატანი ცვლილებები და დამატებების მომზადება-გათვალისწინების საკითხები.
მონაწილეებმა იმსჯელეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პროცედურის ეტაპებზე, მასში მონაწილე პირთა როლებსა და პასუხისმგებლობებზე, პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და მის სამართლებრივ შედეგებზე.
ტრენინგის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრას, შესაბამისი შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას.