19.03.2012
2012 წლის 20 მარტიდან საიტზე -
www.summerjob.ge პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” მონაწილეთა დარეგისტრირება იწყება. სტუდენტთა დაინტერესების, პროექტში მათი ჩართულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა სტდენტებმა მუსიკალური შოუ - Flash Mob-ი გამართეს. შოუში სტუდენტებთან ერთად, ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ და ახალგაზრდებს აქტიური ზაფხულის მოწყობისკენ მოუწოდებდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. სტუდენტთა რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით 20 მარტიდან 20 აპრილამდე განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთი ვაკანსიას აირჩევს. პროგრამა ”Summer Job" მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევთ დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.
მნიშვნელოვანია სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.