22.03.2012
სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო ლექციას და საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაშის ”სასამართლო” პრეზენტაციას დაესწრნენ.
ინტერნეტ თამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და სამართლის თემით დაინტერესებულ პირთათვის არის განკუთვნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა წარუდგინა.
საგანმანათლებლო ინტერნეტ თამაში სამოქალაქო განათლების სფეროს შეეხება და კითხვა-პასუხის პრინციპზეა აგებული. გამარჯვების მოსაპოვებლად მოთამაშემ სამი ეტაპი უნდა გადალახოს და 800 ქულა დააგროვოს. თამაში ატვირთულია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
კონსტანტინე კუბლაშვილმა თამაშის წარდგენის შემდეგ, მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე საჯარო ლექცია წაუკითხა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის დასასრულს, კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტს, რომელშიც არაერთი უწყებაა ჩართული. პროექტის მიზანია მოზარდებში მოქალაქეობრივი პაუხისმგებლობისა და თვითშეგნების ამაღლება. პროექტი მრავალკომპონენტიანია და ერთ-ერთი მათგანის ფარგლებში, საქართველოს ყველა კუთხიდან მოსწავლეები პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს, უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის სამინისტრის, რუსთავის იუსტიციის სახლს სტუმრობენ და რეალობაში ეცნობიან მათ ფუნქციონირებას.