მასწავლებლის სახლი ქუთაისში დღის განმავლობაში 200-მდე პედაგოგს მოამზადებს. ტრენინგები ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში აქ ყოველდღიურად ჩატარდება. ქუთაისის მასწავლებლის სახლში პედაგოგებს ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, თბილისიდან ჩასული სპეციალისტებიც მოემსახურებიან. ტრენინგებზე დასასწრებად რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შექმნილია ყოველდღიური გრაფიკი ჯგუფების მიხედვით.
ქუთაისის მასწავლებლის სახლში კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მიმდებარე რაიონების მასწავლებლებსაც შეუძლიათ. ტრენინგების გარდა აქ მასტერ-კლასები, სემინარები და სამუშაო შეხვედრებიც ჩატარდება. გარდა ამისა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და იქ დასაქმებული სხვა პირები მიიღებენ ნებისმიერი სახის კონსულტაციას სკოლის ადმინისტრირებასთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით.
მასწავლებლის სახლი მიზნად ისახავს ადგილობრივი პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სათანადო პირობების შექმნას და სკოლაში დასაქმებული პირებისთვის დახმარების გაწევას.
მასწავლებლის სახლის გახსნა მომავალში ზუგდიდში, ბათუმსა და ახალციხეშიც იგეგმება.