საჯარო სკოლებსა და სასწავლებლებში სადაზღვევო ვაუჩერების გაცემა დაიწყო. საჯარო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და სხვა სასწავლებლების პედაგოგების დაზღვევას მათთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს.
მიღებული სადაზღვევო ვაუჩერით განათლების თითოეულ მუშაკს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ სადაზღვევო კომპანიაში დაეზღვიოს და საჭიროების შემთხვევაში უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს, მათ შორის:
* ოჯახის ექიმის 100%-იანი უფასო მომსახურება, ულიმიტოდ;
* გეგმიური ქირურგიული ოპერაცია 100% უფასო მომსახურება 12 ათასი ლარის ფარგლებში;
* გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია 100%-იანი მომსახურება ულიმიტოდ;
* ამბულატორიული მომსახურება 100%-იანი ულიმიტოდ;
* ქიმიო-თერაპია და სხვა სხივური თერაპიული მომსახურება 100%-ანი მომსახურება 12 ათასი ლარის ფარგლებში;
* მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები 100%-ანი მომსახურება 400 ლარის ფარგლებში.
საჯარო სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და სხვა სასწავლებლების პედაგოგები სადაზღვევო ვაუჩერის მიღების შემდეგ, სასურველ სადაზღვევო ორგანიზაციას 2009 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეარჩევენ.
ვაუჩერის მფლობელები სადაზღვევო ორგანიზაციის შერჩევის პროცესში თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. მიუღებელია რაიმე სახით ჩარევა ან ზემოქმედება ბენეფიციარის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების პროცესზე დაწესებულებების ადმინისტრაციებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ.
”მე მოვუწოდებ თითოეულ პედაგოგს, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში თავად აირჩიოს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია, სამინისტრო მისი რესურსების გამოყენებით შეეცდება არ მოხდეს ხელოვნური ბერკეტების შექმნა სადაზვევო კომპანიების მიერ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავიცვათ მასწავლებელთა უფლებები”, განაცხადა მინისტრმა.
ექვსწლიანი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 83 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 19 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული (თითოეულ პედაგოგზე თვეში 15 ლარის ოდენობით).
ხელახალი სამედიცინო დაზღვევის პროცესი მთავრობის №256 დადგენილების შესაბამისად მიმდინარეობს.