"უწყებაში დაწყებული რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი სწავლის ხელმისაწვდომობა, ხარისხის ამაღლება, მოთხოვნადი პროფესიების განვითარება და თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაა” - განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად არაერთი პროექტი ხორციელდება.
მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა კერძოდ, წელს პირველად, მიმდინარეობს პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება, სტუდენტი 1000 ლარიან ვაუჩერს იღებს და თავად ირჩევს კოლეჯს, სადაც სასურველ პროფესიაში გადამზადდება; პირველად ამოქმედდა სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 25 000 სტუდენტი არდადეგებზე დასაქმდება და 500 ლარიან ანაზღაურებას მიიღებს; გაზაფხულზე ასევე დაიწყება მოსახლეობის ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში უფასო გადამზადება.
მომავალი სასწავლო წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება;
2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.
გრძელდება პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის ფარგლებში კიდევ 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება.
2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 23 ახალი სკოლა; აშენდება მასწავლებლის სახლები ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი, 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და სხვა.
ეს არის არასრული ჩამონათვალი დადეგმილი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ანტიკრიზისული საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და ცალკეულ საკითხებზე განმარტებებიც გააკეთა.