29.03.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ელიზაბედ დაჰლეს და ნორვეგიის ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანში ელინგ შონსბერგს შეხვდა. ნორვეგიელი სტუმრები საქართველოში ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით, სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს შედეგად, საქართველოში ყველა ბავშვის საგანმანათლებლო უფლება დაცულია.
29-30 მარტს ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ინკლუზიური განათლების საერთაშორისო კონფერენცია იმართება, სადაც განხილული იქნება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური განათლების პროცესი და ბოლოდროინდელი მიღწევები.