ახალი პროექტით 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ - ისინი მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე (აზერბაიჯანულად და სომხურად) ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში ეს სტუდენტები ინტენსიურად ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ წელს სასურველ ფაკულტეტზე, უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად გააგრძელებენ სწავლას.
ახალი პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და მასში ჩართული არაქართულენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოხდა არაქართულენოვანი მოსახლეობის დაინტერესება - განათლება საკუთარ ქვეყანაში მიიღონ და საქართველოშივე მოახდინონ თვითრეალიზაცია.
პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაონებში ქართული ენის სახლები იხსნება, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს აწარმოებდნენ და იმ პროექტებს აცნობდნენ, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათი სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება ბევრად უმარტივებს არაქართულენოვან მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში წარმატებული კარიერის შექმნას. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველდღიურად იზრდება მომავალი თაობის ინტერესი დაეუფლონ სახელმწიფო ენას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზე ჩააბარონ.