დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილი კონკურსების პრეზენტაცია თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა კონკურსის პირობები 77-ე სკოლის მოსწავლეებს პირადად გააცნეს.
ნახატების კონკურსში ”თბილისი ევროპული ქალაქი” მონაწილეობას თბილისის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამავე თემაზე ფოტოკონკურსში მონაწილეობას თბილისის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. სკოლებში საუკეთესო ორი ფოტო და ნახატი შეირჩევა, რომელიც რესურსცენტრებში 24 აპრილამდე უნდა იყოს წარმოდგენილი.
საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური კომისია შეარჩევს, მათაგან კი, I, II, III ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან. საუკეთესო ნახატები და ფოტოები გამოიფინება, ხოლო გამარჯვებულებს თბილისის მერია, საკრებულო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრიზებით დააჯილდოებს.
4 მაისს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ვებ-კონკურსში ”მე ვიცნობ ევროპას”, სადაც პასუხს 70 კითხვას გასცემენ. ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მოკლე დროში ყველაზე მეტ კითხვას გასცემს სწორად პასუხს, გამოცხადდება გამარჯვებულად და დაჯილდოვდება.
ევროპის დღე სათავეს 1950 წლიდან იღებს. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ შუმანი პარიზში ევროპული ინტეგრაციის იდეით გამოვიდა, ამიტომ 9 მაისი მიჩნეულია, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე. როგორც წესია, ამ მნიშვნელოვან დღეს ევროპაში აღნიშნავენ ოფიციალური ღონისძიებებით, ოფიციალური გამოსვლებით, ფესტივალებით, გამოფენებით.