„ჰორიზონტში“ სპეციალობები გურიის მხარის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეირჩა. კოლეჯი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.
თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებას შემდეგ სპეციალობებზე ახორციელებს: ტრაქტორისტ-მემანქანე, ელექტრიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, დურგალი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, ბუღალტერია, მეტყევე, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, გიდი, თექის ხელოსანი, მკერავი, მზარეული, სტილისტი და მინანქრის ხელოსანი.
გურიის რეგიონში საკურორტო ზონისა და სარესტორნო ქსელის განვითარების პარალელურად, იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ გიდებსა და მზარეულებზე. დიდია მოთხოვნა ტრაქტორისტებზე, ოზურგეთში შენდება სატრაქტორე პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის ტრაქტორით რეგიონს მოემსახურება. პარკისთვის კვალიფიციური მემანქანეები სწორედ „ჰორიზონტში“ გადამზადდება.
ოზურგეთში მოქმედებს ჰიდროელექტროსადგური და გურიის რეგიონში უკვე ხუთი ახალი ჰესის მშენებლობაა დაწყებული. გამომდინარე აქედან, იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ ელექტრიკოსებზე. მეტყევეს ჯგუფის კურსდამთავრებულები გურიის სატყეო სამმართველოს კუთვნილ სატყეო უბნებში საქმდებიან. ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკაში საქმდებიან ჭრა-კერვის სპეციალისტები. სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა ოზურგეთშიც იგეგმება.
ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში 500-მდე სტუდენტია დარეგისტრირებული. რეგისტრაციისა და 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
დღეისათვის, პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრები შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ.