საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. პროგრამა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების წარგზავნაა. პროგრამაში უკვე 300-ზე მეტი მასწავლებელია ჩართული.
პროგრამის მონაწილეთა მთავარი ფუნქცია ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობა და ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებაა. ისინი აგრეთვე თანამშრომლობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან და გაკვეთილებს ბილინგვური მეთოდით ატარებენ.
სპეციალურად პროგრამის ფარგლებში ქართული ენის სახელმძღვანელოები შეიქმნა, პირველ ეტაპზე I-IV დონის, წლის ბოლომდე თორმეტივე დონისთვის გამოვა. სასწავლო მასალა სწავლების თანამედროვე მეთოდებს ეფუძნება და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზეა მორგებული. აგრეთვე მნიშვნელოვანია, დამხმარე აუდიო-ვიზუალური მასალა და კომპიუტერული თამაშები, რომელიც სახელძღვანელოებს თან ახლავს.
პროგრამის ყველა მონაწილე ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს და ოჯახის წევრებსაც ასწავლიან სახელმწიფო ენას, მათ სკოლებში ქართული ენის კლუბი და სხვადასხვა სახის წრეებიც შექმნეს, რაც მოსწავლეებს უადვილებს გაიცნონ საქართელოს კულტურა და ჩაერთონ სხვადასხვა სახის არაფორმალურ აქტივობებში.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.