გამოცდის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.
გამოცდაზე ქიმიის პედაგოგს მოეთხოვება: მარტივი ლაბორატორიული ექსპერიმენტების სწორად დაგეგმვა, საჭირო მოწყობილობების აწყობა და ცდის უსაფრთხოდ ჩატარება. გამოცდით მოწმდება პედაგოგის მიერ ლაბორატორიული ჭურჭლის, მოწყობილობების და რეაქტივების რაციონალურად, სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების უნარი, ლაბორატორიული სამუშაოს დაგეგმვის უნარი, ლაბორატორიაში მუშაობის ტექნიკის ფლობა და ა.შ.
ბიოლოგიის მასწავლებელს უნდა შეეძლოს ანიმაციაზე მოცემული ბიოლოგიური პროცესის ამოცნობა, მიკროპრეპარატის წაკითხვა, სტრუქტურების ამოცნობა, მათი ფუნქციების დახასიათება, მოწოდებული მასალის ანალიზი და გენეტიკური კანონზომიერების დადგენა.
ფიზიკის მასწავლებელს უნდა შეეძლოს ექსპერიმენტული დავალების ამოხსნა, სამუშაო ფორმულის მიღება, მოცემული აღჭურვილობით საჭირო დანადგარის აწყობა, გაზომვების ჩატარება და სხვა.