30.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო ფონდების საბჭოს სხდომას დაესწრებიან.
ყოველწლიური კონფერენცია სამი დღის განმავლობაში აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება და მასში მსოფლიოს 40 ქვეყნის 50-ზე მეტი ფონდის ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში სხვადასხვა ქვეყნების ფონდების წარმომადგენლებს შეხვდება, მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს.
კოკა სეფერთელაძე და სულხან სისაური მონაწილეობას მიიღებენ ნიუ-იორკის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტეინჰარდტის კულტურის, განათლებისა და ადამიანის განვითარების სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაშიც. ისინი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს მიღწევებს გაეცნობიან. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლებთან.