დღეს, პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდნენ. 7 მაისს ამ კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 300 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას.
,,იკაროსში“ მსურველები ისეთ მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან როგორიცაა მზარეული; ბარმენი; ოფიციანტი; სასტუმროს მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სპეციალისტი; კულინარული ხელოვნების სპეციალისტი; სარესტორნო საქმის სპეციალისტი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი. კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები არიან: სასტუმროები: “თბილისი-მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, ”შერატონი”, ”რედისონი”, მცირე ტევადობის სასტუმროები, რესტორნების ქსელი GMC და სხვა. პოტენციური დამსაქმებლებია ასევე მშენებარე ტრანსნაციონალური ბრენდები (ჰაიატი, ინტერკონტინენტალი, კამპინსკი და სხვ.).
წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.