მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მასწავლებლის სახლში პედაგოგთა ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო.
მასწავლებლის სახლში ტრენინგებისა და სემინარების ინტენსიური კურსები ყველა საგნის მასწავლებლისთვის ტარდება. ტრენინგის მომზადებასა და განხორციელებაში სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები, თანამშრომლები და მოწვეული ტრენერები მონაწილეობენ.
ტრენინგის მომზადებისა და ჩატარებისას გათვალისწინებულია მასწავლებელთა მოთხოვნები და ის საჭიროებები, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებს უტარდებათ პრე და პოსტ ტესტი. გარდა საგნობრივისა, მასწავლებლებს ტრენინგები ზოგად პროფესიულ უნარებშიც უტარდებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. სწორედ ამას ემსახურება მრავალფეროვანი ტრენინგების პროგრამები. ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლება, საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან მათი ცოდნის გათანაბრებაა.