პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებული კანდიდატები, რომელთა მონაცემებიც შეესაბამება პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. ტესტირების წარმატებით დაძლევის შემდეგ, გასაუბრება ჩატარდება. სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში გაივლის.
პროგრამის მონაწილე ყოველთვიურ ხელფასს მიიღებს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს მიიღებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. სახელმწიფო ენის სწავლებაზე ორიენტირებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რაიონების არაქართულენოვან სკოლებში მოხალისე ქართული ენის პედაგოგების გაგზავნა წარმოადგენს.
პროგრამაში უკვე რამდენიმე ასეული მოხალისე პედაგოგია ჩართული, რომლებიც ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ და ერთი აკადემიური წლის განმავლობაში წარმატებით ასწავლიან ქართულ ენას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.