ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდაში წელს 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. გამოცდა 54%-მა ჩააბარა, მათგან საუკეთესოები ახალი სასწავლო წლიდან 1000 ლარიან ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენები ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ.
ინტეგრირებულ გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და 2011 წელთან შედარებით მასში მასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობდა, ბარიერი უმრავლესობამ დაძლია, 28 მაისს აპელაციის შედეგებიც გახდება ცნობილი.
გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს. პედაგოგისთვის ასევე დიდი მოტივაცია გაზრდილი ხელფასია.
გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგები მიმდინარეობდა. ინტენსიური ტრენინგები ყოველდღიურად ტარდებოდა, რომელშიც თბილისის გარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებელი მონაწილეობდა. მასწავლებლის სახლმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 356 პედაგოგი მოამზადა. გადამზადება სპეციალური ტრენინგ-მოდულების მიხედვით ხორციელდებოდა.