25.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა დღეს მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.
მემორანდუმი მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საქართველოს სკოლებში პროგრამის - KCFE დანერგვას ითვალისწინებს. პროგრამა კომპიუტერულია და მის შექმნაზე კასპაროვთან ერთად, ევროპის საჭადრაკო ლიგაც მუშაობდა. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს მეთოდი დაინერგება. ახალი პროგრამა 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და იგი ჭადრაკის პოპულარიზაციის გარდა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.
გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება, იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება. ”როცა ბავშვის აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, მას სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს, რადგან ჭადრაკის თამაში ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ის ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება... ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება” - აცხადებს დიდოსტატი.
2010-2011 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილები დაინერგა. სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, ამ სახეობებიდან ჭადრაკი საქართველოს 800-ზე მეტ სკოლაში არის არჩეული, რაც სპორტის ამ სახეობის აქტუალობაზე მეტყველებს.
Video