პროექტში ”Summer Job” მონაწილეობის მსურველთა დამატებითი რეგისტრაცია 4 ივნისს დილის 9 საათზე დაიწყო (საიტზე www.summerjob.ge.) და ოც წუთში დასრულდა. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილი იყო შეთავაზებული. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ადგილების შევსება იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი მოთხოვნადია და სტუდენტების დიდ დაინტერესებას იწვევს.
პროგრამაზე - ”Summer Job” სტუდენტთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების პრინციპით, განხორციელდა. ის დარეგისტრირებული სტუდენტები, რომლებიც დროულად არ გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, ავტომატურად პროექტს გამოეთიშნენ. ასეთი სტუდენტების რიცხვი 7%-ზე ნაკლებია. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 4 ივნისს დამატებითი რეგისტრაცია გამოაცხადა.
დამატებით რეგისტრაციამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წინასწარ შეერჩიათ დარჩენილი ვაკანსიებიდან სასურველი სამუშაო ადგილი. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ პროექტის ვებგვერდზე შეეძლოთ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
პროექტის ”Summer Job” მიზანია, სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენონ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.