07.06.2012
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება. ამის შესახებ განცხადება რუსთავის იუსტიციის სახლში დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა გააკეთეს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი:
სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს და გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს;
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს იღებს პირი, რომელიც 9 კლასს დაამთავრებს;
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ან, მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.
იუსტიციის სახლები და სააგენტოები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ. მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც.