კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლიანი კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სამეცნიერო მივლინებას შესაბამისი დარგის საზღვარგარეთის წამყვან კვლევით ცენტრებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 12-დან 15 ათას ლარამდე დააფინანსებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე მაგისტრს ან დოქტორანტს და 35 წლამდე დოქტორს. გრანტის მაძიებელმა საკონკურსო განაცხადი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www. rustaveli.org.ge უნდა წარადგინოს. თითოეულ საკონკურსო პროექტს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.
მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, აღზრდა და მათი პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა საქართველოში მეცნიერების განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ეს კონკურსი ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების წარმატებული სამეცნიერო კარიერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.