კვირეულის მიზანია ბავშვის ადრეულ ასაკში განათლებასა და განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება მშობლებისთვის, საბავშვო ბაღის აღმზრდელებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მშობლებისა და აღმზრდელების.
კვირეულის ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. 9 ივნისს ბომბორას პარკის ტერიტორიაზე მუშაობს საბავშვო ცენტრები - წიგნიერების, მოძრავი თამაშების, ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკის, კულინარიის და სხვა, სადაც პატარები გაერთობიან და პარალელურად, სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობაში ჩაერთვებიან.
სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებისთვის ანალოგიური აქტივობები ძალზე მნიშვნელოვანია. კვირეულის ფარგლებში მშობლებს დაურიგდებათ სპეციალურად შემუშავებული ბუკლეტები ადრეულ ასაკში ბავშვის განათლებისა და განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე.
კვირეულის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო თევდორაძემ.
ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებში (მარნეული, მცხეთა, გორი, ხაშური, ჩოხატაური, ხობი) გაგრძელდება და 13 ივნისს ბათუმში საზეიმოდ დაიხურება.