ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.
51 წლის ბლოგერმა ქართველ კოლეგებს საკუთარ ათ წლიან გამოცდილებაზე და რუსეთში სოციალური მედიის დღევანდელ მდგომარეობაზე ესაუბრა.
ადაგამოვმა ბლოგერობა 2002 წელს დაიწყო, მარტივი ზედმეტ სახელითა და აქტუალურ საკითხებზე წერით სულ მალე რეიტინგების სათავეში მოექცა, დღეს კი მის ბლოგს 75 ათასზე მეტი მკითხველი ყავს.
უცხოური გამოცემები მას რუსეთის ნომერ პირველ ბლოგერად ასახელებენ.
„ბლოგერების სახლი - www.blogger.ge“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.
პროექტი საკუთარ თავში დაინტერესებული პირების არა მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობას, არამედ ამ ადამიანებს შორის რეალურ შეხვედრა-დისკუსიებსაც მოიცავს.
უახლოეს მომავალში „ბლოგერების სახლი“ ბლოგერთა მარათონს უმასპინძლებს.
ადაგამოვი მასწავლებლის სახლში იქ მიმდინარე ტრენინგებსაც გაეცნო . მასწავლებლის სახლში ტრენინგები ერთმანეთის პარალელურად ყოველდღიურად ასობით პედაგოგ უტარდება. მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე ტრენინგები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც მასწავლებლის სახლს გერმანულმა კომპანია PHYWE-მა გადასცა, აინშტაინის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორია და კომპიუტერებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება-მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში და სხვ.