საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ამჯერად შენობის მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე ახალი სასწავლო წლისათვის 250 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს. სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული დარბაზი.
სოფელი ხაჯალია ძირითადად შიდა მიგრაციის დროს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობითაა დასახლებული. სოფლის სკოლის ძველი შენობა 100 მოსწავლეზეა გათვლილი, ავარიულია და დღემდე არასდროს ჩატარებია სარემონტო სამუშაოები. სკოლაში სწავლება ორ ცვლად მიმდინარეობდა ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 220-ია.
ახალი სკოლა სრულიად ახალ ადგილზე შენდება ვინაიდან, სკოლის ამჟამინდელი ავარიული შენობა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, რაც საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება.
სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდება და 23 ახალი სკოლა აშენდება.