ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე მუშაობას აგვისტოში დაასრულებს. აგვისტოდან დეკემბრამდე კი საქართველოს სკოლებში აპრობაციები ჩატარდება, რითაც ახლადშექმნილი სისტემა ყველა მიმართულებით შემოწმდება, შემუშავდება ტესტების საგამოცდო ვარიანტები, დადგინდება შეფასების კრიტერიუმები.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოში ახალი საგამოცდო სისტემა დაინერგება. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მოსწავლეებს მხოლოდ რვა საატესტატო და ერთი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე უკვე მუშაობს. დღეს, ახალ საგამოცდო მოდელზე სპეციალურმა კომისიამ დაიწყო მუშაობა.
მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემაში დაგეგმილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, ყურადსაღებია საბჭოს წევრთა თითოეული კომპეტენტური წინადადება. ასეთ სამუშაო შეხვედრებზე გადაწყვეტილებები ხანგრძლივი მსჯელობის გზით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღება და მასში კომისიის ყველა წევრის მოსაზრებაა გათვალისწინებული.
გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები შედიან. კომისია სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და საზოგადოებას იმ პრიორიტეტებს წარუდგენს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.