22.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 47 მეათეკლასელ მოსწავლეს პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი გადასცა და შემდეგ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, კოკა სეფერთელაძემ სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა მოახლოებულ ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით.
ახალციხეში კომპიუტერებით ის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს უკვე მეორედ მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით საჩუქრდებიან, რომლებიც საქართველოში დამზადდა. საქართველოს მასშტაბით წელს 1022 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პროცესში დანერგვას.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის. წარჩინებულ მოსწავლეთა ამ მიმართულებით წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.
2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).