28.06.2012
საქართველოს, როგორც ევროპული იდენტობის მატარებელი ქვეყნის იმიჯის შექმნა-წარმოჩენას პირველი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენციას დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.
ქართველი და უცხოელი მკვლევრები ევროპული კულტურის ფორმირებაში ქართული კულტურის როლსა და მნიშვნელობაზე მსჯელობენ. ამასთან, აქცენტი ბერძნულ წყაროებზე გაკეთდება, სადაც საქართველოს, როგორც უძველესი ევროპელი ქვეყნის ადგილსა და მისიაზეა საუბარი. კონფერენციის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნება ქართული წყაროების ავტორიტეტი და სამეცნიერო ღირებულება.
სამდღიან სამეცნიერო ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის 60-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. მოხსენებები საინტერესო იქნება ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგის მკვლევარებისთვის.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. ღონისძიებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.