ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თვრამეტმა უცხოელმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო. პროგრამა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ”ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის” ფარგლებში ხორციელდება. სკოლის გახსნას დღეს ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.
პროექტში ქართული ენითა და დამწერლობით დაინტერესებული უცხოელები მონაწილეობენ. სპეციალური სასწავლო პროგრამა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კურსს მოიცავს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მაღალკვალიფიციური მეცნიერები ჩაატარებენ.
სტუდენტები აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, ირანიდან და სომხეთიდან ათი დღის განმავლობაში ქართულ გარემოში იცხოვრებენ, საქართველოს კუთხეებს დაათვალიერებენ და ქართულ კულტურას გაეცნობიან.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევარების ჩართვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.