პროგრამაში ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადი შეირჩა. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე იმ 149 კაციან პედაგოგთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან გაემგზავრებიან და არაქართულენოვან მოსწავლეებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში სახელმწიფო ენას შეასწავლიან.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნაა.
პროგრამის მონაწილეები ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობენ და ქართული ენის სწავლაში ოჯახის წევრებსაც ეხმარებიან. მოხალისე მასწავლებლები ყოველთვიურ ხელფასს იღებენ. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, სახელმწიფოსაგან 100%-იან სამაგისტრო გრანტს იღებენ. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.