2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის - "მაკმილანის" მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ ინგლისურ ენას. წელს პირველად, ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული სახელმძღვანელოები 7-12 კლასებშიც დაინერგება.
"მაკმილანთან" გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მასწავლებლის სახლში თბილისის საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს ტრენინგები საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მასწავლებლებს ტრენინგებს კვალიფიციური ბრიტანელი სპეციალისტები უტარებენ.
ტრენინგების კურსი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ინტეგრირებული სწავლების მეთოდები, რაც სხვადასხვა საგნებიდან ტექსტების ინგლისურ ენაზე დამუშავებას ითვალისწინებს, ონლაინ რესურსების გამოყენება, კლასის მენეჯმენტი, გაკვეთილის დაგეგმვა და სხვ.
აგვისტოს ბოლომდე ტრენინგების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 4 800 პედაგოგი გადამზადდება. მათ სახელმძღვანელოები, დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალურ მასალები უფასოდ გადაეცემათ.