საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შოთა ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდნენ და მათ მუშაობას გაეცნენ.
უნივერსიტეტმა სულ 500-მდე ბაკალავრი დაასაქმა. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნებისა და სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონულ ვერსიებს შექმნიან.
დღესვე, მინისტრის მოადგილეებმა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში არქეოლოგიურ გათხრებზე დასაქმებული 20 სტუდენტი გააცილა. მუშაობის დროს ამოღებული მასალის მიხედვით მეცნიერები ჩვ.წთ.აღ-მდე I საუკუნით დათარიღებული სამლოცველოს აღმოჩენას ვარაუდობენ. ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული ეს კომპლექსი, სასწრაფოდ მოითხოვს სამუშაოების განახლებას.
სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში - სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. დასაქმდნენ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე, გამომუშავებული თანხა, მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები იღებენ და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.