„Summer Job”-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში დასაქმებული სტუდენტების უმრავლესობამ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
ზაფხულის არდადეგებზე დასაქმებული 25 000 სტუდენტიდან, კახეთის რეგიონში გამოყოფილ ვაკანსიებზე 800-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. ერთი თვის განმავლობაში მათ წინასწარ შერჩეული სხვადასხვა კეტეგორიის დავალებები უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კახეთში განვითარებული მოვლენების გამო ისინი დზარალებულ მოსახლეობას გაუწევენ დახმარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე პროგრამა „Summer Job”-ის ფარგლებში დასაქმებულ სტუდენტებს თელავში შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ გულისხმიერებისთვის.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში - სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. დასაქმდნენ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები იღებენ და მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენს.