მომავალი წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება ამოქმედდება, სადაც პროფესიული კოლეჯი და მასწავლებლის სახლი განთავსდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ამბროლაურში ის ადგილი მოინახულა, სადაც ახალი მშენებლობა დაიწყო.
ლითონის კონსტრუქციის, შემინულ, თანამედროვე შენობაში ფუნქციონირებას გააგრძელებს პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“, რომელიც აქამდე ძველ, ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. პროფესიები, რომელიც „ერქვანში“ ისწავლება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობაში ძალზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოლეჯისთვის ახალი შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
პროფესიული კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. მსურველები კოლეჯში ისეთი მოთხოვნად პროფესიებს დაეფლება როგორიცაა - მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ტრაქტორის მემანქანე, მევენახე, მეღვინე, ვეტერინარი, მეფუტკრე, ბუჰღალტერი, იუველირი, მემინანქრე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი და სხვ.
ამავე შენობაში საქართველოს მასშტაბით მესამე მასწავლებლის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის პედაგოგებს მოემსახურება. მასწავლებელთა ხელშეწყობა და პროფესიული განათლების განვითარებაზე ზრუნვა სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.