საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ”აისის” საქმიანობას გაეცნო. მინისტრმა კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი, მინი საკონსერვო საწარმო, სხვადასხვა სახელოსნოები დაათვალიერა და იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც კოლეჯში საწარმოო პრაქტიკას გადიან. ყოველწლიურად, კოლეჯის კურსდამთავრებულთა 70% საქმდება.
კოლეჯში ამ ეტაპზე ანაზღაურებად პრაქტიკას მეფილეები და დურგლები გადიან. მომავალი მეფილე-მომპირკეთებლების ნაწილი კოლეჯის ტერიტორიაზე ქვაფენილს აგებს, ნაწილი გურჯაანის სტადიონის მშენებლობაზეა დასაქმებული, დურგლები კოლეჯის ღვინის ქარხნისთვის ავეჯს ამზადებენ. პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ მეფუტკრეებიც. გარდა ამ სპეციალობებისა მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების, ტრაქტორისტ-მემანქანის, მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, ელექტრიკოსის, ავტომობილის შემკეთებლის, ტურიზმისა და სასტუმრო საქმის მწარმოებელის პროფესიებს ეუფლებიან.
„აისში“ სპეციალობები კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეირჩა. კოლეჯი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.