საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში შეკრებილ პროქტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ყურადღება განათლების ახალ პროგრამებზე გაამახვილა და მათ სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო.
პროგრამამ ფოტო-კონკურსის „ჩემი პირველი ”Summer Job”-ის გამარჯვებულიც გამოავლინა. ელენე ვარაზი 2 კვირით ლონდონში სასწავლებლად გაემგზავრება. სამინისტროს facebook-ის გვერდზე გამოცხადებულ კონკურსში ყველაზე მეტი, 16 191 „like“-ი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის ელენე ვარაზის ფოტომ დაიმსახურა. გამარჯვებული პროგრამის ფარგლებში შ.პ.ს. ოფთალმიჯში, ჯავრიშვილის კლინიკაში–ექთნის თანაშემწედ მუშაობდა. კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ფოტომ მიიღო. კონკურსანტებმა საკუთარი საქმიანობის ამსახველი სურათები წარმოადგინეს.
პროგრამა ”Summer Job”-ი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე ხორციელდებოდა და მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში ოცდაოთხი ათასამდე სტუდენტი დასაქმდა და თითოეული მათგანის ხელფასი 500 ლარია. სტუდენტები შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთი ვაკანსიას ირჩევდნენ. დასაქმებული სუდენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ: სანაპირო ზოლის გამწვანება-დასუფთავება, ბიბლიოთეკების დალაგება, გამცილებელი საქართველოს რკინიგზაზე, თანაშემწეებად სამედიცინო დაწესებულებებში, მუზეუმებში, იურიდიულ კომპანიებში, სამშენებლო სამუშაოებზე, ადგილობრივ თვითმმართველობებში, მიმტანებად და ადმინისტრატორებად სასტუმროებსა და კაფე-ბარებში და სხვ. პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების მიღებას იმ სფეროში, რომელშიც მათ მომავალში დასაქმება სურთ. გარდა ამისა გამომუშავებული თანხა მათ საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან გამოიყენონ ის შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ.
ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის წამყვან ქვეყნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში სულ 17 სახელმწიფო და 106 კერძო კომპანია მონაწილეობდა.