საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოში მყოფ ამერიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს, ჯოზეფ ლიბერმანსა და ლინდსი გრემს ბათუმის მშენებარე საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერებინა.
ხატია დეკანოიძემ სენატორებს განუმარტა, რომ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის თანამედროვე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულებები ტექნოლოგიური, ინფორმაციული და საინჟინრო დისციპლინები იქნება. სამომავლოდ, უნივერსიტეტი ამ მიმართულებებზე ბაკალავრის, მაგისტრისა და სავარაუდოდ, დოქტორის ხარისხს გასცემს. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უკვე ბევრი უცხოური სასწავლებელია დაინტერესებული, მათ შორის - ნიუ-იორკის ტექნიკური უნივერსიტეტი.
მომავალ უნივერსიტეტს შემდეგი ფაკულტეტები ექნება: სამოქალაქო ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT), გამოყენებითი ფიზიკა და მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა და ა.შ.