პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან განათლების სისტემის წარმომადგენელებზე თავდასხმები გრძელდება. მათი მხრიდან ადგილი აქვს როგორც მასწავლებლების, ასევე დირექტორების დაშინებას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თავად პარტიის ლიდერი პედაგოგებს დასჯითა და დაკავებით ემუქრება.
2012 წლის 7 სექტემბერს, სკოლის დირექტორის მიმართ მუქარის მორიგ ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლაში. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა საჯარო სკოლის ტერიტორია. ამავდროულად, მან აქციაში ჩართო არასრულწლოვანი მოსწავლეები. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელს სრულიად სამართლიანად სასწავლო დაწესებულების ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა თუმცა, აქციაში მონაწილეე სხვა პირებისაგან განსხვავებით, სკოლის დირექტორის მითითებას ხიდაშელის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს პასუხისმგებლობით დაემუქრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ მიუღებელია იმ ადამიანებზე ზეწოლა, რომლებიც ემსახურებიან საგანმანათლებლო სისტემას და უშუალოდ ზრუნავენ მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაზე და მოუწოდებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და მუქარისაგან.