საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. საქართველოს მასშტაბით 11 ახალი სკოლა აშენდა და 527 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გაიხსნა 83 ”მომავლის კლასი”.
2012-2013 სასწავლო წლისათვის ახალი სკოლები აშენდა გურიის რეგიონის სოფლებში ჩიბათსა და ქვაბღაში, სამეგრელოს რეგიონის სოფელ სალხინოში, კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ნიჯგორსა და მირაშხანში, ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა ახალციხის #5 საჯარო სკოლისთვის, ახალ შენობაში აგრძელებენ სწავლას ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ, სადაც არ უნდა სწავლობდეს, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.
ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით ათობით სკოლა შენდება თანამედროვე დიზაინითა და ინფრასტრუქტურით, თითქმის ყველა სკოლა რეაბილიტირებულია, სკოლები უზრუნველყოფილია გათბობისა და განათების სისტემით. ახალი სკოლები თანამედროვედაა აღჭურვილი. სკოლებში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.