2012-2013 სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ძველ შენობას ერთი წლის წინ დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილზე ახალი სკოლა აშენდა. ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვა, სკოლას აქვს თანამედროვე გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი.
ახალი სკოლა აშენდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვაბღაშიც. სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე წელი ამ სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში, არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. დღეს სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.
ახალი სკოლა თანამედროვედ არის აღჭურვილი, სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სპორტული მოედანი. ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.