საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხაშურის №1 და №6 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ამ სკოლებში სტუმრობისას მიიღო. სარემოტო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე გაეცნო.
ხაშურის №1 და №6 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარებულია, ამჯერად, სრული რეაბილიტაცია მოხდება და ამ სკოლების 1000-მდე მოსწავლე უახლოეს მომავალში სწავლას თანამედროვე, განახლებულ სკოლებში გააგრძელებს.
სკოლები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება, გარემონტდება სპორტული და სააქტო დარბაზები. მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები და ბიბლიოთეკები. მინისტრის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.