საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაარსდა მიზნად ისახავს საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის დაძლევას და ამ სფეროების მიმართ სტუდენტების დაიტერესებას.
ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის თანამედროვე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულებები სწორედ, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და საინჟინრო დისციპლინები იქნება. სამომავლოდ, უნივერსიტეტი ამ მიმართულებებზე ბაკალავრის, მაგისტრისა და სავარაუდოდ, დოქტორის ხარისხს გასცემს.
მომავალ უნივერსიტეტს შემდეგი ფაკულტეტები ექნება: სამოქალაქო ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT), გამოყენებითი ფიზიკა და მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიები, მასალათმცოდნეობა და ა.შ.
ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) თანამშრომლობით ხორციელდება.