პირველად საქართველოში მშობლისა და აღმზრდელის წიგნი ,,თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის” გამოიცა. დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში მოცემულია რჩევები და თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. რეკომენდაციები ეყრდნობა ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებს. აღნიშნული პუბლიკაცია დაეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებსა და აღმზრდელებს უკეთ დაგეგმონ განმავითარებელი და ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები თუ თამაშები როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სახლში.
მშობლისა და აღმზრდელის წიგნი უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა მუნიციპალურ ბაღს საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული ვერსია კი განთავსდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.elibrary.emis.ge .
წიგნის პრეზენტაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლის ჩვენებაც გაიმართა.
სკოლამდელი განათლების მიმართულებით სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი მეოთხე წელია რამდენიმე პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტების ფარგლებში, სკოლამდელ განათლებაში მშობელთა ჩართულობის მიზნით, 11 მუნიციპალიტეტში მშობელთა ცენტრები შეიქმნა; საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში კვალიფიკაცია 562 აღმზრდელმა აიმაღლა, მათ ტრენინგები უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაუტარეს; 6 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ეთნიკური უმცირესოებების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრი; 2012 წლის ივნისში სკოლამდელი განათლების კვირეული ჩატარდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას სკოლამდელი განათლების, როგორც უწყვეტი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის ხელშეწყობის მიმართულებით.