პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად პროექტში საქართველოს მასშტაბით 121 სკოლა ჩაერთვება. სააპლიკაციო ფორმების მიღება მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება.
პროექტის მიზანს დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად, დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, განხორციელდება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა და შემუშავდება მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები. ამასთანავე, სკოლები მიიღებენ ისეთ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაც.
სამინისტრო ყველა სკოლას მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და პროექტში მონაწილეობაზე განაცხადი დროულად გააკეთონ.