საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებთან გაიმართა. სკოლებში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეები მონაცვლეობით აირჩევიან საბჭოს შემადგენლობაში მყოფი მშობლებისაგან, პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში სამეურვეო საბჭოების საქმიანობას, მის ფუნქციებს. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. განსაკუთრებული უფლება-მოვალეობითაა აღჭურვილი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც დირექტორთან ურთიერთობაში სკოლას წარმოადგენს და გადაწყვეტილების მიღებისას, ხმების თანაბარი გადანაწილებისას, საბჭოს თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი.
შეხვედრაზე ალუდა გოგლიჩიძემ სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეებს გარკვეული რეკომენდაციები მიაწოდა, დეტალურად გააცნო სამინისტროს სამომავლო გეგმები, მოისმინა მონაწილეთა წინადადებები და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.